Saturday, May 21, 2016

შეფასების სტრატეგიები

     დღეს ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიების შესახებ. განვიხილეთ შეფასების 5 მნიშვნელოვანი სტრატეგია:
1.  მოსწავლეთა წინარე ცოდნისა  და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები;
2.  წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები;
3.  პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები;
4.  სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის;
5.  გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
     შეფასების  ეს  სტრატეგიები ,  მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. თითოეული სტრატეგია უნიკალურ მეთოდს და ინსტრუმენტს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია მათი განსხვავებული მიზნების, სტრუქტურისა და შედეგების გამოყენების გააზრება. არ არის აუცილებელი, რომ კატეგორიიდან ყველა მეთოდი გამოვიყენოთ, მაგრამ შეფასების გეგმა ხუთივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს.
შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას. სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის.

    ვისაუბრეთ შეფასების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე, შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე.

როდესაც სწავლებას ამოძრავებს შეფასება, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, უფრო თავდაჯერებულები და თვითრეგულირებადი მსწავლელები ხდებიან. 

Sunday, May 15, 2016

მეორე მოდულის შეჯამება

         პროექტებით სწავლება მოსწავლეებს უვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და ზრდის სასწავლო პროცესში  მათ ჩართულობას. 
       ეს მოდული  გვასწავლის ,  თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.
       მეორე  მოდულში დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. პირველ რიგში, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მინდა ჩემი პროექტის ფარგლებში. მათზე დაყრდნობით დავისახე სასწავლო მიზნები, გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და არსებით საკითხებზე.